Thursday, March 5, 2015

განწყობის ჩირი, სურნელოვანი


ხო მაინც ფეისბუქზე დავდებ ამას, მარა პირდაპირ იქ დაწერა მაინც არ მომინდა.
ოთახივით შემოვედი აქ, ძველ საწერ მაგიდას მივუჯექი და ნაფტალინისსუნიანი რაღაცეების გახსენება დავიწყე.
ახლა 95 წელია, ეს დრო, სამზარეულოში ვზივართ ლამპის შუქზე. პეჩკა მყუდროდ ატკაცუნებს შეშას, ჩვენი ბუხრის თავს ლამის შეზრდილი საათი ისე წიკწიკებს, როგორიც ალბათ ჩემი გულისცემაა, რაცთავიმახსოვს ეგრეა და იმიტომ.
მე მიდევს ჩემი საყვარელი, ამოჩემებული "ნამდვილი ხელოვნება" და ბოტიჩელიზე ვკითხულობ რაღაცას. სუპერიანად მიჭირავს, არ ვაცლი, რაღაც არის წიგნის სუპერში ისეთი, რო მოაძრობ, თითქოს სხვა წიგნია. არ მსიამოვნებს.
მოგვიანებით, ბავშვური ამბიციურობით, და ამ ჯადოსნური სიჩუმით გათამამებული, ვენერას დაბადებას გადავხატავ და მომეწონება. 
სად არის არ ვიცი, დედა არ გადააგდებდა.
ყველაფერი აქ არი, თავის სუნიანად, ხმებიანად და განწყობიანად. თვალებს თუ დახუჭავ, სულ მთლად იქა ხარ და ყელში ბურთი გეჩხირება.

როგორ ვცხოვრობთ რაღაცნაირი ჩავლილი ბედნიერებებით... 
იმ ბედნიერებებმა ათასი შვა თავის წილად, და თვითონ ჩაიკარგა, სხვენში შეჩურთული სათამაშოებივით.
სხვები გადაარჩინა და თვითონ დაიხრჩო, მოსაგონებელ ტიპად იქცა, როგოც ალბათ მოგვიანებით თავისი გადარჩენილები. ან არც. 

Sunday, March 18, 2012

For Aneri

სულ ვბაქიბუქობ, ისე ვიცხოვრებ მეთქი, როგორც დაუჯერებლად კეთილი და მამაცი ადამიანები კინოში. ან ისე, თითქოს ხვალ აღარ ვიქნები–თქო.
ამ თქოს და მეთქის ვერ გავუგე ვერაფერი. ვიცოდი და დამავიწყდა, მასწ.
არ გამოდის. ეს კინოსებური და ხვალაღარყოფნის ფუფუნება არავის აქვს. ყველაზე ძნელი ჩვეულებრივობა ყოფილა. ადამიანები კიდე ვერ იტანენ ჩვეულებრივობას. უმეტესწილად. სერიოზული სასჯელია. და ვფართხალებთ ამ ფაფაში, ოღონდაც სადმე ფონი ვიპოვოთ, კეთილი და მამაცი ხმელეთი ვიგრძნოთ ფეხქვეშ და ცოტა ხანი სულის მოსათქმელად შევყოვნდეთ ზედ, სანამ ვინმე ახლომახლო მოფართხალე ხელს არ გვკრავს და არ გადაგვაგდებს ისევ ჩვეულებრივობის ფაფაში. თავს ვერ შეიმაგრებ, არ არსებობს.

დღეს სარკეში დანახული ქალის გამომეტყველება არ მომეწონა. შემეშინდა იმ ქალის. ხმელეთს აღარ ეძებდა თითქოს...

Thursday, November 10, 2011

ადრე ვამბობდი ხოლმე. ისე ნელ–ნელა შემომეპარა ეს უთქმელობა, ვერც კი გავიგე. ამის დრო მაქვს ახლა? არ მაქვს. აღარ მაქვს...

Saturday, September 24, 2011

True man, cup o' tea...

ტრუმენ კაპოტე თუ კეპოტი?
მემგონი ტრუმენ კაიტიპი.
ამ სიბერეში აღმოვაჩინე გადასარევი ავტორი, ძალიან საჩემო. დე, უკითხავად წამოვიღე, დაგიბრუნებ:)

14:14
მაინც მეღიმება ამოჩემებულ დამთხვევებზე. 'სულ ასე რო ხდება', რო გაფიქრებინებს, რაღაცას ნიშნავსო, აი ამაზე მეღიმება. არადა არაფერი, უბრალოდ ემთხვევა, ისტერიჩკასავით ყოველ ორ წუთში რო დასქცერი საათს, დაემთხვევა აბა რა ჯანდაბას იზამს. გაჭრილი თითიდან სხვა რა გამოვაო, სისხლი თუ არაო, კალე რო ეღადავება თავის თავს.
მამა ისე მიყურებს ხოლმე, როგორც სასწაულს:) ამაზე დიდი ბედნიერება არ ვიცი.
ადრე მისი უზარმაზარი, სასაცილო სათვალე რო მიყვარდა, და კიდე გაზეთის კითხვის  მანერა, და სუნამოს სუნი დედაჩემის ოთახში, ხო გახსოვთ? ახლა უფრო მიყვარს.
ხანდახან აღმოაჩენ ხოლმე ადამიანი, რო ყველაფერი გაქვს სინამდვილეში. დაუჯერებლად ჩვეულებრივი სასწაულიკოები:)

რომელიღაც სერიალიდან სილის გაწვნის ხმა მომესმა. დაერხა ხოსეფინა დელ კარმენ ბრძგვანჩესს...

Sunday, August 28, 2011

ხეპრე

ჭიქა წყალს ითხოვდა სულ, რატომღაც მკაცრი ხმით, და არასდროს ამბობდა მადლობას.
საჭიროდ არ თვლიდა. გაუგებარზე მეტად ამაზრზენია ეს.
არიან ადამიანები, რომლებთანაც უბრალოდ აზრი არ აქვს. არ ღირს. რას - საკითხავიც არ არი. საერთოდ აზრი არ აქვს, როგორც ასეთი.

უმწეობის შეგრძნება კლავს.

Sunday, July 31, 2011

ზაფხული ეტა შტო? :)

სიყვარული უპირობო და უკანმოუხედავი ვიცი მე. ასეთის მწამს. ამაღელვებელი როა, გულისგადამქანებელი, მაგრამ ამავე დროს ისეთი დინჯი და მშვიდი, რო ზუსტად იცი, არსად წავა, არ გაგივლის. თვალგაშტერებულს უნებლიედ რო გაგაღიმებს. რაც გინდა და ვინც გინდა გიყვარდეს. თუ ასე ხარ, ესე იგი ნამდვილია.
დედავატირე არანამდვილის. ხიმია სიყვარულის.

Wednesday, July 27, 2011

სიყვარულივით


ხევსურული სიგრილე მინდა. ფეხქვეშ მიწა და ბალახი მინდა. დაღლილობისაგან ფეხების კანკალი, მერე შემობრუნება და სულისშემკვრელი მთებისკენ გახედვა მინდა. უამრავ ხალხთან ერთად რო ხარ, მარა მარტო ხარ იქაურობასთან პირისპირ, ასე მგონია მე. მიყვარს ეს მარტო მე და შენ–ობის შეგრძნება. მთებს ვუღიმოდი მე. რად უნდა მთას ჩემი ღიმილი, მარა მიმიღო:) გაშალა მდინარეებით გაწუწული გულ–მკერდი და ჩამიხუტა, ჰარიფი და სირისტიანი მნახველი:))

უფსკურლისპირა ასკინკილა და გულის გადაქანება, სიყვარულივით:)
დედა, რა იყო ეს...
არადა მეასედი მინახავს თურმე კიდე სანახავიდან...
რა უნახავი ვყოფილვარ:))

Sunday, May 1, 2011

ცოტაც, ცოტაც და ეგ არი

ჭიანჭველასოდენები ვჩანდით იმ უკიდეგანო სივრცეში. ფეხს ძლივს ვიკიდებდით რამდენიმე სანტიმეტრიან ჭრილზე, პრაქტიკულად ჰაერში ვეკიდეთ ისე, რომ ერთი საცოდავი ხელმოსაჭიდი შვერილიც არ იყო არსად. თითო კაცად ჩამწკრივებულნი ველოდით უეჭველ სიკვდილს. მაგრამ ისეთი მშვიდი ვიყავი... ეს გარდაუვალი რამის მიმართ ინდიფერენტულობა იყო. და კიდე განწყობა სახელად 'ამის იმედი არც არასდროს მქონია, რო ახლა მქონდეს'. გვერდით მედგა, ზურგით ეკვროდა კლდეს და არაფერს ამბობდა. პრინციპში, როგორც ყოველთვის, ნორმალურ სიტუაციებშიც, არათუ სიკვდილის ხრამთან... რამდენიმე მეტრის მოშორებით სამაშველო ჯგუფი ცდილობდა რაღაცას. რა გულისამაჩუყებელია ადამიანური სასოწარკვეთილება ვიღაცის შველის სრულიად უიმედო მცდელობისას. ის გოგო თავის თავს მართლა წირავდა იმ წუთას. ქანაობდა ბაგირზე სიკვდილის ხრამის თავზე და ცდილობდა, კლდის შვერილზე ჩაევლო ბაგირის ბოლო ჩვენს გადასაყვანად. ოღონდ არაფრის შანსი არ იყო. ისეთი უიმედობა იყო ჰაერში, ვეღარ გავუძელი და გამეღვიძა.

დარწმუნებული ვარ, დავიხოცეთ. აი ისე, სიტყვისუთქმელად. მარტო ის მაშველი გოგო ელაპარაკებოდა თავის თავს, ვერ მივწვდიო, კიდე ცოტა ახლოს უნდა ვცადოო. და დაეკიდა სულისშემკვრელად გაქანებულ ბაგირზე.

რაღა დარჩა ისე...

Thursday, April 14, 2011

მომსახურების სერვისი

პირდაპირ თვალებში ჩავხედე იმ კატას.
მემგონი კატა თვითონ გაიძულებს ხოლმე, პირდაპირ თვალებში ჩახედო, ეგეთი ტიპია.
არადა დიდად არ ვიცნობ კატებს. რატო ვაძლევ თავს უფლებას და ქლესა არსებად ვთვლი, არ ვიცი. მგონი ქლესა კაცის გამოხედვას მივამსგავსე ერთხელ და ვეღარ ვიშორებ იმ ასოციაციას.

უბრალოება დიდი შვებაა.რაც გინდა თქვი. ღირსება როა, ეს ცალკე თემაა, მარა ისეთი შვებაა...
ოღონდ დახელოვნებული ტყლარჭვა გაცილებით ნაკლებად ტრაგიკულია, ვიდრე გამოგონილი უბრალოება, რომელიც სინამდვილეში ხუთჯერ მეტი ტყლარჭვაა. ასე მგონია მე.

ქართული ენის დღეს ვცემ პატივს და კულტურული ფორმით გავაპროტესტებ სიმახინჯეებს, ფეხების ფრატუნით სიარულივით რო მიშლის ნერვებს:
ხალხო, მძლივას ნუ ახვალთ კიბეზე, ნუ გადაირევით ხოლმე რამის, თუ გშივათ ჭამეთ, რეამინაციაში არ შეგიშვებენ, თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მოიხსენიებთ, და კიდე – ყველაფერს არ იძახიან.
ბოდიში კრიტიკიზა:))))))))

Thursday, April 7, 2011

მე აღარ მახსოვს, რა იყო გუშინ

სულ ტყუილად მგონია, რო ჩვეულებრივი რაღაცეები მინდა. როგორ უნდა მინდოდეს, როცა აბსოლუტურად ვერ წარმომიდგენია. ჩემებრ მძლავრი წარმოსახვის პატრონს, ჩვეულებრივი და კარგი რამეების წარმოდგენა არ შემიძლია საკუთარი თავისთვის.
არანორმალურობის განსახიერება ვარ, ოღონდ მასკიროვკა მაქვს მცირედი.
მარა დროდადრო მომერღვევა ხოლმე გუინპლენის ნიღაბი და დაფეთებული ადამიანები აქეთ-იქით აწყდებიან.
ასეა ეს და არავინ შემედაოს, ამაო იქნება გარჯა.

მეგონა დავივიწყე წაგებული ომი. ვერ ვყოფილვარ კაი დამვიწყებელი.

Wednesday, March 23, 2011

Nyhavn street, Copenhagen


მგონი აქ მარტო ცა და ზღვაა. არც მიწაა და არც მთები, არც ხეები. არი მზე, ცა და ზღვა. და ფერადი სახლები მთლად ზღვის კიდეზე, როგორც სალტკროკაში.

მე არ მჯერა ვიგინდარების, არაფერი არ არსებობსო რო მარწმუნებენ, ტყავიდან რო ძვრებიან დამაჯერონ ეს სისულელე, უღმერთო და უილაჯო უყველაფრობა. თვალებში რო მიყურებენ უტიფრად და ქლესა ღიმილით მახვევენ თავზე თავიანთ ნალოლიავებ, შემზარავ აზრებს. იმისთვის, რომ მარტო თვითონ არ იხრჩობოდნენ საკუთარი უიღბლობის ჭაობში.
ყველაფერი არსებობს. თუნდაც დაუჯერებლად არ ჩანდეს ირგვლივ. ხეც არი, მზეც არი, მიწაც არი, მთებიც არი. და ჩემთვისაც იქნება ერთი ფოთოლი, ერთი სხივი, ერთი მუჭი მიწა და ერთი სულისშემკვრელი ახედვა აწოწილი მთისკენ.აი ასე.


Tuesday, March 15, 2011

Blue moon :)










მემგონი აღარაფრის მეშინია.
ასეთი ჩემი თავი არ მახსოვს.
რო არ გეუბნებოდი, იმას გეტყვი, მალე:)

Monday, February 21, 2011

Люди! люди! человекиии!

არ შემიძლია ოთხმოციანი წლების სასწაულებრივი მოდა, ტანსაცმლიან–თმის ვარცხნილობიან–მაკიაჟიანად და საბრინასებრთა ოჯახის პოპმუსიკიანად.
ელტონ ჯონი თავისი გადატყავებამდე გაპარსული მრგვალი პირისახით და მუსიკით.
ეტალონის წამყვანი თავის...  უიმმმმ ყველაფრიანად.
თბილისი ლაივის გაუგებარი სიუჟეტები რომელიღაც ქალაქიდან, სადღაც სხვა პლანეტაზე, და იქვე ამ ქალაქში გადაღებული სიუჟეტები ქუჩებში მოსიარულე დაძაბულსახიანი ნამდვილი ხალხით.
არ შემიძლია ამდენი ბოგანოს არსებობა ამ ქვეყანაში, შვილებს, მშობლებს და ორსულ შეყვარებულბს რო ხოცავენ და ამ ყველაფერს სიღარიბით ან რამე უფრო საზიზღარი, ბნელი მიზეზებით ამართლებენ!
ნეტა მარტო პირველი ორით შემოვფარგლულიყავი...

Saturday, January 8, 2011

გადავასწოროთ ბუმბერაზი კლასიკოსები

ჰაკლბერი ფინში ნამეტანი გაუტია მარკ ტვენმაო, იმდენს ეძახა ზანგი და ნიგერიო, დაასკვნა რამდენიმე ტვინგაწყალებულმა ამერიკელმა და წიგნის ახალ გამოცემებს ამზადებენ. სიტყვა 'ზანგი' 'მონათი' უნდა ჩაანაცვლონ თურმე, აბა. შეურაცხმყოფელიაო. ობამა თავის ქალიშვილებს ახალ გამოცემებს წააკითხებს პირდაპირ. და ისტორიის ადაპტირებულ სახელმძვანელოებს უყიდის, სადაც რასიზმი და ზანგები ნახსენები არ იქნება. კმარა, რაც თვითონ ეტკინა გული ყმაწვილკაცობაში.
ჰმ.
კლდიაშვილის გადაკეთება ხომ არ დაგვეწყო, განადგურებული რო ვყავართ იმერელი აზნაურები, ჰა, რას იტყვით? გავაქროთ სამარცხვინო წარსულის კვალი. ჩავანაცვლოთ თავლაფდამსხმელი ეპითეტები უფრო რბილი სინონიმებით. თავხედი ეგ.

Friday, January 7, 2011

შევტოპე

დღეს ზედმეტი მომივიდა ფიქრი. ჩავეკიდე ფიქრების ჭაში აიეტივით. მერე თოკი დაჭირდათ და ამომათრიეს. იმედი მაქვს, ის თოკი გლახა საქმისთვის არ წაუღიათ, თორე გაიხაროს, ვინც წაიღო. აღარ შემეძლო ამდენი. გამოვთაყვანდი.
ჩემი ათი წლის წინანდელი ფოტო ვნახე. ჩემი და ჩემი მეგობრების. დაუჯერებელია რო იმის მერე კიდე ათი წელი ვიცოცხლე მეთქი, თეოს ვეუბნებოდი, და დებილი მეძახა სულ.
ათი წლის წინ ნაკლებად ვნანობდი რაღაცეებს
უფრო ბევრს ვიცინოდი
ერთით ნაკლები ნაიარევი მქონდა და წარბებს არ ვიქნიდი.
კიდე ბევრი რამე იყო სხვანაირად ათი წლის წინ, ცხადია, მარა კიდე კაი რო სხვანაირად იყო.

მინიმუმ ორი სქელი სვიტრიდან გამოსული სითბო და სირბილეც აფორიაქებს თურმე.
ეს კიმაინც იყო ნამდვილი...
შენი დედა ვატირე, იანგული...

Saturday, December 18, 2010

ოღონდაც, ოღონდაც...

– გამარჯობა, ბლოგო, ბლოგუნია, ბლოგჩიკ, ბლოგუშკა, ბლ...
– ნუ მეტენები ერთი, შენი ჭირიმე რა.
ბლოგის და მისი უხეირო ავტორის შეხვედრა ერთთვიანი განშორების შემდეგ.
მოვედი მოკლედ. ვიცი რო მიმიღებ, ჩემნაირი ხარ შენც:) ცოტა ხანი ვითომ ნაწყენი ხარ და მერე იკრიჭები ყველის ვაჭარივით. ბავშვობიდან ვერ ვიტან ამ გამოთქმას ოღონდ. არასოდეს მინახავს გაკრეჭილი ყველის ვაჭარი (თუ ყველის გაკრეჭილი ვაჭარი, როგორც არი რა:)).

დღეს ახლადგახსნილი სუპერმარკეტის კონსულტანტი გოგონა, ახალ უნიფორმაში გამოწყობილი, მონდომებულად კეთილი და მზრუნველი ღიმილით დამყვებოდა სექციებს შორის და ფოტოებს იღებდა. ალბათ დაავალეს, მყიდველების პირველი ნაკადები რეაქციები შეისწავლოს. ისეთი მონდომებული იყო, გული ამიჩუყდა.
საერთოდ ადვილად მიჩუყდება გული, მარა ამ ბოლო დროს პირდაპირ აჩუყებულ გულად ვიქეცი, მალინ მელკერსონივით, თუ კიდევ მცირეოდენ თანაგრძნობას გამოიჩენთ, ცრემლად დავიღვრები და წყალდიდობა არ აგვცდებაო, ბიორნს რო უთხრა.

ვერ ვწერ ვერაფერს, სანამ არ გავანამდვილებ. რა ვქნა. სულ უფრო ნაკლები ნამდვილი რამეები ხდება ირგვლივ. დეტექტორითაა საძებნი.

Wednesday, November 10, 2010

იმდენი ხანია აქ არ ვყოფილვარ, მაჯლაჯუნები დაეპატრონენ ჩულანს.
რაღაც გაუგებარი კომენტების ალერტი მომდის, რომლიღაც მიტოვებულ პოსტზე რო ტოვებენ მაჯლაჯუნები.
რანაირი გავხდი. ჰმ.

Saturday, September 25, 2010

დარიაჩანგი

საიდან მოვიდა თვალსა და ხელს შუა ასეთი სიახლოვე...
მარტო ჩვენ რო ვიცით, ისეთი რამეები...
ამდენი ნათქვამი და ორიიმდენი უთქმელი
ამდენი ღიმილი
ამდენი ზუსტად რო იცი ის დრო და ადგილი
ამდენი ფეხის ხმა და გულისფანცქალი
ასეთი მართლა სიახლოვე საიდან მოვიდა...
ასეთი მშვიდი ბედნიერება იმის გამო, რაც მიკეთებია და მეგონა, არ გამომდიოდა.

ჩემი უთქმელი იმ სათქმელს არ ნიშნავს, სათქმელი როა და ჯერ არ უთქვამთ. ჩემი უთქმელი სხვანაირი ტიპია, არ ითქმება რაღაცნაირად, არ უნდა, არ ჭირდება...
ჩემი საყვარელი უთქმელი რაღაცეები...