Wednesday, August 4, 2010

სალьონში გაკეთებულივით

გუშინ მკვეთრად ყვითლად თმაშეღებილი ქალი შემოვიდა სალონში და აშკარა ლაქუცით დაუწყო ლაპარაკი დაღლილ პარიკმახერს (დიახ). ორი მოთხოვნა ქონდა: ერთი რო რაიონში მიდიოდა გასვენებაში და რაღაცა ძაან–ისეთი–კი–არა–მარა–თმის–გაკეთება–უნდოდა–რაღაცნაირად–უცხოდ. და მეორე, დილით უნდოდა ძაააან ადრე, ასე ცხრის ნახევარზე და ხო მოვიდოდა ის პარიკმახერიიიიი?
მერე ერთი საათი საოცრად შეზღუდული ქართულით უხსნიდა, როგორი ვარცხნილობა უნდოდა. თვითნ ვიკეთებო სახლშიო, ასე შევიკრავო და მერე ასე გადმოვიწევო და პირდაპირ სალьონში გაკეთებულივითააო, რაცხაო (!). რაიონში მიდიოდა ეს რაცხა. და სალьონში გაკეთებულივით... ძალ–ღონეს მაცლის ეს გლუვტვინიანობა, რა ვქნა...
მის გადამწვარ და გასაცოდავებულ თმას რო შევხედე, კაი გვარიანი სამუშაო ელოდა წინ პარიკმახერ ნინოს, მარა რა ექნა, ვითომ პრობლემა არ იყო, ისე გაუღიმა და შეპირდა დილას ადრე მოსვლას.
მთავარია, რომ რაცხა რომ რაიონში ჩავიდოდა გასვენებაში, მთელი გასვენება მის ცქერაში იქნებოდა, ვიღას ეხსომებოდა მიცვალებული, აბა! სხვას რას ემსახურება გასვენებები. მთავარია მწუხარე სახით დადგე ნაცნობების წრეში და კონსპირაციულად ათვალიერო ვის რა ეცვა და ვინ რით მოვიდა და რო მოვიდა საერთოდ.
ტოტალური სოციალური სასოწარკვეთილებაა ირგვლივ, შერეული სიბნელესთან და არარეალიზებული ემოციების და ურთიერთობების ისეთ დოზასთან, რომელსაც რა ძალა ეყოფა გასანეიტრალებლად, კაცმა არ იცის. არც ქალმა.