Saturday, September 25, 2010

დარიაჩანგი

საიდან მოვიდა თვალსა და ხელს შუა ასეთი სიახლოვე...
მარტო ჩვენ რო ვიცით, ისეთი რამეები...
ამდენი ნათქვამი და ორიიმდენი უთქმელი
ამდენი ღიმილი
ამდენი ზუსტად რო იცი ის დრო და ადგილი
ამდენი ფეხის ხმა და გულისფანცქალი
ასეთი მართლა სიახლოვე საიდან მოვიდა...
ასეთი მშვიდი ბედნიერება იმის გამო, რაც მიკეთებია და მეგონა, არ გამომდიოდა.

ჩემი უთქმელი იმ სათქმელს არ ნიშნავს, სათქმელი როა და ჯერ არ უთქვამთ. ჩემი უთქმელი სხვანაირი ტიპია, არ ითქმება რაღაცნაირად, არ უნდა, არ ჭირდება...
ჩემი საყვარელი უთქმელი რაღაცეები...

Saturday, September 18, 2010

ხვალ კვირაა, მასწ

გაივსო კარადა დივიდი დისკებით, წიგნები ჩქარა!:))
გადავშლი, დავხურავ, ჩავნიშნავ, ავაყუდებ, სარჩევს გადავიკითხავ, ფურცლის ფაქტურას საჩვენებელი და ცერა თითის გასმით გულდასმით შევამოწმებ, დავხურავ და მიხარია რო მაქ.
დურა, დურა

რას ამეკვიატა ეს უკანასკნელი აურელიანო...

Tuesday, September 7, 2010

Ipanema disorder:)

ზღვიდან ამოწუწულს მელოდება ხოლმე ჩემი შლოპკები
გაბადრულს
ნაკეკლუცარს
:)

Monday, September 6, 2010

სულის ნაწილები

დღეს დილით გამთენიისას აივანზე ვიდექი და მზის ამოსვლას ველოდი ავთო ჯაყელივით.
მასხოვს, ბავშვობაში ბებიასთან არდადეგებზე, არ მეზარებოდა ყოველ დილით გამთენიისას ეზოში ჩარბენა და ჭიშკართან დაგდებულ მორზე შეხტომა განთიადის საცქერლად. დილის სუსხისაგან ჩამამცივნებდა ხოლმე, პერანგისამარას, მარა არ მაღელვებდა. ბრდღვიალა წითელი მზე ამოვიდოდა და მეც ბედნიერი ვბრუნდებოდი ლოგინში.
ის პერანგი ამ ზაფხულს, წლების მერე ისევ ვნახე ჩემი ბაბუას და ბებიას ცარიელ სახლში და გულ–გვამი ამეწვა სევდისაგან.
ცას ხომ არ გამოეკერებოდნენ ჩემი ბებია და ბაბუა ან ჩემი ბავშვობა, ეგრე სად არიო.
მე კიდე ვერ ვეგუები.
დღემდე მგონია, ის ყველაფერი იყო ნამდვილი და სრულყოფილი ჩემს უბადრუკ ცხოვრებაში და მე თვითონ ვერაფრს მსგავსსაც კი ვერ შევქმნი აწი, ვერავისთვის...
ძაან მინდა რო შევძლო ოღონდ.
აი ისეთი, ჩემი ბებიას და ბაბუასნაირი, ნამდვილი რაღაცეები იმათთვის, ვისაც ამის ნახევარი სიყვარული მაინც ექნება ჩემი...

Wednesday, September 1, 2010

ეძღვნება.... საპატივცემულოდ (უიმმმ)

მე ვთვლი რო არსებობს ობიექტური ბოგანოიზმი და გემოვნების სხვადასხვაობას ამასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ორი ქალის მიერ, საოცრად ბრიყვული გამომეტყველებით, კადრილის სტილში შესრულებული შალახო რესტორნის საერთო დარბაზში, სადაც ისედაც ტრაგიკულად არეულ–დარეული გარემო, ღრიანცელი და საძაგელი მუსიკაა, არი ბოგანოობა.
ვერაფერს რო ვერ გახდები, ისეთი ბოგანოობა სუფევს რესტორანში. აი ფიზიკურად თუ არ გაეცალე იქაურობას, სიცილ–ტირილით ჩაგითრევს და გაცეკვებს სირტაკს, რომლის აზრზე არ ხარ საერთოდ. და არავინ არაა ირგვლივ.
გაგათრევს ვიღაც ჯანღონიანი დეიდა, გრძელი კაბის ფრიალით, მოდი კაცო ყველა ცეკვავს, მოდი, და მკლავში ხელს დალურჯებამდე ჩაგავლებს და გაპორწიალებს. და ვერაფრით ვერ გაიგებს, რატო არ გინდა ცეკვა, ახალგაზრდას.
ეს რა ჭირი გვჭირს...

Wednesday, August 4, 2010

სალьონში გაკეთებულივით

გუშინ მკვეთრად ყვითლად თმაშეღებილი ქალი შემოვიდა სალონში და აშკარა ლაქუცით დაუწყო ლაპარაკი დაღლილ პარიკმახერს (დიახ). ორი მოთხოვნა ქონდა: ერთი რო რაიონში მიდიოდა გასვენებაში და რაღაცა ძაან–ისეთი–კი–არა–მარა–თმის–გაკეთება–უნდოდა–რაღაცნაირად–უცხოდ. და მეორე, დილით უნდოდა ძაააან ადრე, ასე ცხრის ნახევარზე და ხო მოვიდოდა ის პარიკმახერიიიიი?
მერე ერთი საათი საოცრად შეზღუდული ქართულით უხსნიდა, როგორი ვარცხნილობა უნდოდა. თვითნ ვიკეთებო სახლშიო, ასე შევიკრავო და მერე ასე გადმოვიწევო და პირდაპირ სალьონში გაკეთებულივითააო, რაცხაო (!). რაიონში მიდიოდა ეს რაცხა. და სალьონში გაკეთებულივით... ძალ–ღონეს მაცლის ეს გლუვტვინიანობა, რა ვქნა...
მის გადამწვარ და გასაცოდავებულ თმას რო შევხედე, კაი გვარიანი სამუშაო ელოდა წინ პარიკმახერ ნინოს, მარა რა ექნა, ვითომ პრობლემა არ იყო, ისე გაუღიმა და შეპირდა დილას ადრე მოსვლას.
მთავარია, რომ რაცხა რომ რაიონში ჩავიდოდა გასვენებაში, მთელი გასვენება მის ცქერაში იქნებოდა, ვიღას ეხსომებოდა მიცვალებული, აბა! სხვას რას ემსახურება გასვენებები. მთავარია მწუხარე სახით დადგე ნაცნობების წრეში და კონსპირაციულად ათვალიერო ვის რა ეცვა და ვინ რით მოვიდა და რო მოვიდა საერთოდ.
ტოტალური სოციალური სასოწარკვეთილებაა ირგვლივ, შერეული სიბნელესთან და არარეალიზებული ემოციების და ურთიერთობების ისეთ დოზასთან, რომელსაც რა ძალა ეყოფა გასანეიტრალებლად, კაცმა არ იცის. არც ქალმა.